
ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა დაარსდა 1936 წლის 1 დეკემბერს, როგორც ბუნებრივი კოფეინის მწარმოებელი ქარხანა.
წარმოება დაარსდა თბილისის ქიმიურ-ფარმაცევტული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ТНИХФИ) დირექტორის, საქ. სსრ მეცნიერებათა
აკადემიის აკადემიკოსის ი. ქუთათელაძის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიის საფუძველზე. აღნიშნული წარმოება იყო ერთადერთი, რომელიც სსრკ მასშტაბით აწარმოებდა კოფეინს-ბუნებრივი ნედლეულის-ჩაისაგან. ათვისების პირველ სტადიაზე წარმოება ხასიათდებოდა მცირე სიმძლავრით, დაახლოებით 1000კგ. კოფეინი წელიწადში.1938 წლის ბოლოსათვის წარმოების სიმძლავრე 7-8 ტონამდე გაიზარდა. ამავე დროს ჩაინერგა ტექნიკური ტანინის მიღება, რომლის წარმოებაც სამამულო ომის პერიოდში გადაეცა თბილისის ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხანას.
50-იან წლებში დაიწყო ქარხნის რეკონსტრუქცია, შედეგად კოფეინის წარმოება გაიზარდა 45 ტონამდე წელიწადში.1959 წელს დამთავრდა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების საამქროს მშენებლობა, სადაც განლაგებული იქნა პლატიფილინის ჰიდროტარტრატის, კოლხამინის, ნერიოლინის, ალოეს წვენის, ალოეს ლინიმენტის, ალოეს სიროფისა და აგრეთვე ტაბლეტების წარმოებები. 1967 წელს გაშვებული იქნა კელინის წარმოების ახალი ტექნოლოგიური სქემა. ამ პრეპარატის წარმოების სიმძლავრე გაიზარდა 3 ტონამდე წელიწადში. 1973 წელს, ანჟერო-სუდჟენსკის ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხანაში, ათვისებული და გაშვებული იქნა სინთეზური კოფეინის წარმოება, რომლის თვითღირებულება ბევრად იაფი იყო ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის მიერ გამოშვებული ნატურალური კოფეინის თვითღირებულებაზე. ამის გამო საკავშირო სამედიცინო მრეწველობის მინისტრის ბრძანების თანახმად, 1973 წელს ლიკვიდირებულ იქნა კოფეინის წარმოება.
კოფეინის წარმოების შეწყვეტამ წარმოება მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, ქარხნის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა საკუთარი სახსრებითა და
ძალებით, გაეზარდა არსებული სიმძლავრეები და ნომენკლატურა.1975 წლისათვის პლატიფილინის ჰიდროტარტრატის წარმოებამ, მიაღწია 1230 კგ-ს წელიწადში, კელინისა კი 6 ტონამდე წელიწადში.4-ჯერ გაიზარდა თხევადი პრეპარატების წარმოების სიმძლავრეებიც.
არსებულ ფართობებზე განსაკუთრებული დანახარჯების გარეშე გაფართოვდა ელეუტერაკოკას ექსტრაქტისა და პიონის ნაყენის წარმოების უბნები, დანერგილ იქნა ბერბერინის ბისულფატისა და კოლხამინის ახალი ტექნოლოგიები. 1980 წლისთვის ქარხნის ნომენკლატურაში 42 დასახელების სამკურნალო საშუალებაა. კერძოდ მშრალი ფხვნილები, ტაბლეტები, თხევადი პრეპარატები, მალამოები.
უკანასკნელ პერიოდში წარმოების (1990 წლიდან) სიმძლავრეები და ნომენკლატურა მნიშვნელოვნად შემცირდა, წარმოება ძირითადად მუშაობდა მცენარეული ექსტრაქტებისა და პლატიფილინის ჰიდროტარტრატის ფხვნილის გამოშვებაზე, რომელსაც ამზადებდნენ ხარიშუბლას როგორც ნედლი, ისე მშრალი ბალახისაგან. აღსანიშნავია, რომ პლატიფილინის ფხვნილის გასაღება ხდებოდა რუსეთსა და უკრაინაში.
2006 წელს ივლისში, ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა ფირმა „ლემისე“-მ შეიძინა, რომელმაც საწარმოს შეუნარჩუნა პირვანდელი პროფილი. უმოკლეს ვადაში სათანადო საწარმოო პრაქტიკის (GMP) მოთხოვნების მიხედვით, შეკეთდა ძირითადი საწარმოო და ადმინისტრაციული კორპუსი, მთლიანად ახალი მანქანა-დანადგარებითა და მოწყობილობებით დამონტაჟდა საინიექციო ხსნარების (საამპულე), სტერილური საინიექციო ფხვნილების (ანტიბიოტიკების), სატაბლეტო საამქროები, საინიექციო და გაუმარილებელი წყლის მომზადების უბანი. პერსპექტივაშია გალენური პრეპარატებისა და ეთილის სპირტის გამოსახდელი და დასაფასოებელი საამქროების ამუშავება.
შპს "ბათფარმა"-ს ტერიტორიული ფართია 5.4 ჰა. აღნიშნულ ფართზე განთავსებულია საწარმო 4 ძირითადი საამქროთი და იმ დამხმარე უბნებით, რომლებიც აუცილებელია წარმოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.








